Monday, June 20, 2011

მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დამახინჯებული ფსიქიკა და სამად გაყოფილი სამყარო



.მას სამყარო 3 ნაწილად აქვს გაყოფილი: პირველია სახლი, სადაც მასავით მიუსაფარი უამრავი ბავშვი ცხოვრობს; მეორე - ადგილი, სადაც დედ-მამა, ხშირ შემთხვევაში კი მხოლოდ დედა ან მამა მუდმივად "რაღაცით" გაბრუებულები, გაბრაზებულები და აგრესიულები არიან და, მესამე - ქუჩა, სადაც ყველაფერს აკეთებს, რაც მოესურვება, - იპარავს, თამბაქოს ეწევა, ზოგჯერ ჩხუბობს ან ეჩხუბებიან.

ამ ორომტრიალში ერთადერთი ნათელი წერტილი არსებობს - მაღაზიის გამყიდველი, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ზოგჯერ გაყინულ და მშიერ ბავშვს იფარებს და წიგნის კითხვასაც ასწავლის... წერა-კითხვის სწავლა გულზე დიდად არ ეხატება, მაგრამ იქ თბილა და ნანა მასწავლებელი ზოგჯერ, როცა მაღაზიის მეპატრონე არ არის, ცხელ ჩაისაც ასმევს...

9 წლის ნიკას მისი ასაკისთვის საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება დაუგროვდა. გარკვეული ხანი ბავშვთა სახლშიც ცხოვრობდა და საკუთარშიც. სად სჯობია?.. - იქ, თანატოლებთან. იმიტომ, რომ არ სცემენ, არც საჭმელს აყვედრიან და არც ქუჩაში სამათხოვროდ უშვებენ. არც დღის ბოლოს უწევს "აჩოტის" ჩაბარება მშობლისთვის - რაც მთელი დღის ნამათხოვრალი ხურდა ფულის მისთვის ჩაბარებას ნიშნავს... ცუდი ის არის, რომ ნიკა ერთადერთი არ არის, ვინც ასე ცხოვრობს, მის ბედს ათასობით თანატოლი იზიარებს.

ოფიციალური მონაცემებით, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა რაოდენობა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. ბავშვთა სახლებს 6000-მდე არასრულწლოვანი ბინადარი ჰყავს. ეს, მხოლოდ აღრიცხული უდედმამო ბავშვების რაოდენობის მაჩვენებელია; რეალურად, მშობლის ზრუნვასა და სიყვარულს მოკლებული პატარების რაოდენობა გაცილებით მეტია და მათი უმეტესობა ქუჩაში იზრდება... ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ბავშვთა სახლებში შვილების მიბარების მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. ამის მიზეზი, პირველ რიგში, მატერიალურად არასტაბილური ოჯახებია.

მშობლებს, რომლებსაც შემოსავლის წყარო არა აქვთ, შვილები უდედმამო ბავშვთა სახლებში იმ იმედით მიჰყავთ, რომ იქ პატარას მშიერს არ დატოვებენ და მათზე სახელმწიფო იზრუნებს. თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როცა ქუჩაში მცხოვრებ მაწანწალა ბავშვებს ნარკოტიკებსა ან ალკოჰოლზე დამოკიდებული მშობლები ჰყავთ, რომლებიც შვილებს ქუჩაში ფულის შეგროვებას აიძულებენ...


აი, რას გვიამბობს ჩვენი მოზარდი რესპონდენტი:
- არ ვიცი, დილით რომელ საათზე ვიღვიძებ. დედა მეუბნება, რომ სამუშაოზე მიმავალ ადამიანებს უნდა დავხვდე და ფული გამოვართვა... მცივა, როგორ არა, მაგრამ რომ არ წავიდე, მცემენ. სხვადასხვა ადგილას დავდივარ, ზოგან ფეხით, ხან ყვითელ ავტობუსში ავიპარები... დღის ბოლოს 10-15 ლარამდე ვაგროვებ, მაგრამ ხანდახან არ მიმართლებს და 5-7 ლარი გამომდის.

ამ დროს დედა ძალიან ბრაზობს. არ სჯერა, რომ მეტი ვერ ვიშოვე, ასე ჰგონია, ვატყუებ და ფულს "ვუტეხავ"... ერთხელ დანით, მოსაკლავადაც გამოიწია, მაგრამ გავიქეცი. მთვრალი იყო... მაღაზიაში ნანასთან ხშირად მივდივარ, თითქმის ყოველდღე. შორიდან შევიჭყიტები; თუ უფროსი იქ არ არის, - შევალ. ნანას უფროსს დიდად არ მოვწონვარ და ამიტომ ვფრთხილობ... ბავშვთა სახლში ყოფნა მირჩევნია, მაგრამ დედამ გადაწყვიტა, შინ დავებრუნებინე...

ნანა, პატარა ნიკას "მასწავლებელი და მეურვე":
- ძალიან გონიერი ბავშვია. ეტყობა, მძიმე ცხოვრების კვალი მასზე აისახა, რადგან ისეთ რაღაცებს ხვდება, რაც ნორმალურ გარემოში მყოფ ბევრ მოზარდს გაუჭირდებოდა... უცხოსთან თავშეკავებულია და არასდროს წუწუნებს. საერთოდ, რომ ვაკვირდები, დედას არასდროს განსჯის, პირიქით, მის გამართლებას ცდილობს. არადა, იმ ქალმა სახლში მეგობარი მამაკაცი მიიყვანა; სადღაც ერთად მუშაობენ და შინ მთვრალები ბრუნდებიან.

ბავშვის მონაყოლიდან ვიცი, რომ იმ კაცს ზოგჯერ სახლში უცხო მამაკაცები ან ქალები მოჰყავს და ამ ქალს სუფრის გაშლას აიძულებს. ხვდებით ალბათ, რა მძიმე გარემოში უწევს პატარას ცხოვრება და ხშირად, სამსახურში მოსულს კართან დამხვედრია... მუშაობას 9 საათზე ვიწყებ, ნიკა კი სხვა რაიონიდან დადის და საკმაოდ ადრე ადგომა უხდება... სკოლაში არ დადის, მაგრამ გარკვეული პერიოდი ბავშვთა სახლში ცხოვრობდა და წერა-კითხვა იქ ასწავლეს... ერთ დღეს მისი ტოლი გოგონა მომიყვანა, - ცოტა ხანს ვიქნებითო, - მთხოვა.

ქვის გული ხომ არა მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, უფროსი მყავს და პატარები დიდხანს ვერ გავაჩერე... არადა, გოგონა წებოს სუნთქავდა და ისეთ რაღაცებს მიყვებოდა ქუჩაში ცხოვრებაზე, ცოტა უკეთესი პირობები რომ მქონდეს, სახლში წამოვიყვანდი...
ცოტა ხნის წინ ქვეყანაში, ოჯახებში ბავშვთა დაბრუნების (დეინსტიტუციონალიზაციის) პროგრამა ამოქმედდა, რაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ ოჯახებს შვილების შენახვის შესაძლებლობას აძლევს. პატარების მშობლებს ყოველთვიურად, გარკვეული თანხით ეხმარებიან.

თამარ გოლუბიანი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვებზე ზრუნვის სამმართველოს უფროსი:
- "ბავშვთა დაბრუნება ოჯახებში" - სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული პროგრამაა. მიტოვებული ბავშვების დაახლოებით 96%-ს ერთი მშობელი მაინც ჰყავს. სახელმწიფომ გადაწყვიტა, ხელმოკლე ოჯახებს შვილები დაუბრუნოს, თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება. ოჯახებს ვეხმარებით, როგორც მატერიალურად, ასევე ვცდილობთ, სხვანაირადაც ამოვუდგეთ მხარში.

სამწუხაროდ, უამრავი ოჯახია, სადაც მშობლები მუშაობენ და ამის გამო, მათი შვილები მთელი დღის განმავლობაში უყურადღებოდ იყვნენ მიტოვებულნი. ამიტომაც ჩვენ შევქმენით დღის ცენტრები, სადაც ბავშვები მთელი დღის განმავლობაში დარჩებიან, მიიღებენ სრულფასოვან კვებას და აღზრდისათვის ნორმალურ პირობებში იქნებიან.

ასევე გათვალისწინებული გვაქვს ყოველთვიური ფულადი დახმარებაც. არის შემთხვევები, როცა ოჯახს მატერიალური პრობლემებიც აქვს, სახლი გადასახურია, ან ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არა აქვთ, თუნდაც საწოლი; მათ შეძლებისდაგვარად, მატერიალურადაც ვეხმარებით.

- ეს ოჯახები თქვენი უწყების კონტროლის ქვეშ არიან აყვანილი?
- დიახ. ამ პროცესში სოციალური მუშაკები მონაწილეობენ. ისინი დროთა განმავლობაში შექმნილ სოციალურ პირობებს აფასებენ, შემდეგ, წარმოადგენენ დასკვნას, რომელსაც საბჭო განიხილავს, და მის საფუძველზეც ოჯახების შერჩევა ხდება. თავიდან ასეთ დაწესებულებებში 5200 ბავშვი იმყოფებოდა. როდესაც ეს პროგრამა დაიწყო, თანდათან 600-ზე მეტი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა, 3600-მდე მოზარდი კი ისევ ამ დაწესებულებებში რჩება, ვინაიდან მათი უმეტესობა გონებრივად ჩამორჩენილი ან ფიზიკური ნაკლის მქონეა და სკოლა-ინტერნატში დადის. შემდგომ, კიდევ 1500-მდე მოზარდი დაუბრუნდა თავის ბიოლოგიურ ოჯახს, ნაწილი კი - გავაშვილეთ. ეს მოზარდებზე ზრუნვის პროგრამაში შედის: მიმღები ოჯახი, დედობილი და მამობილი, სპეციალური მომზადების შემდეგ, ხელშეკრულების საფუძველზე, ბავშვზე მზრუნველობას კისრულობენ, რის შემდეგაც მათ ბავშვს ვანდობთ. ამგვარად, 300 ბავშვი გავაშვილეთ.

- რაც შეეხება გაშვილებას...
- დაწესებულებაში მოხვედრილი ყველა ბავშვი დირექტორის პასუხისმგებლობის ქვეშ იმყოფება, მაგრამ როცა ის დედობილისა და მამობილის მზურნველობის ქვეშ ხვდება, ჩვენ ვალდებული ვართ, მისთვის მშვიდი და სტაბილური გარემო უზრუნველვყოთ. ბავშვი იმაზე უკეთეს პირობებში უნდა მოხვდეს, ვიდრე ბავშვთა სახლში იყო და არა - პირიქით... ამაზე სოციალური მუშაკები ზრუნავენ ანუ სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ.

- ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების შემთხვევაშიც იგივე ხდება?
- არა, ბიოლოგიურ ოჯახებს მონიტორინგი ნაკლებად სჭირდებათ... ბავშვთა სახლში ყოფნა ყველაზე მძიმე ხვედრია მოზარდისთვის. ოჯახი, რომელიც არ არის სტაბილური (სადაც არ არიან განათლებული მშობლები, იდეალური ადამიანები, არასტაბილური შემოსავალი აქვთ), მაინც უკეთესია, ვიდრე ბავშვთა სახლი, თუნდაც საუკეთესო პირობებით. ამას გამოკვლევებიც ადასტურებს: საუკეთესო ბავშვთა სახლსა და სტანდარტულზე უფრო დაბალი დონის ოჯახებში ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც ცხადყო, რომ ოჯახში გაზრდილ ბავშვს უფრო მყარი ფსიქოლოგია, კარგი განათლება და დამოუკიდებლობის სულისკვეთება აქვს, ვიდრე ბავშვთა სახლში აღზრდილებს. ამიტომაც, მოვუწოდებთ იმ მოზარდების ნათესავებს, რომლებსაც ოჯახები არა აქვთ, როგორმე გაიჭირვონ და რამდენიმე დღით, თვეში ერთხელ ან თვეგამოშვებით მაინც წაიყვანონ თავიანთ სახლებში. პიროვნებად მათი ჩამოყალიბებისთვის ოჯახური გარემო აუცილებელია.

- ქალბატონო თამარ, გაშვილების მიზეზი მხოლოდ მატერიალური პრობლემა არ არის. იმ მშობლების 60%, ვისაც შვილები ბავშვთა სახლში მიჰყავს, ან ნარკომანია, ან ალკოჰოლზე დამოკიდებული. ასეთ ოჯახში ბავშვის დაბრუნება თუ ხდება?
- არა, ასეთი მშობლებისთვის ბავშვის დაბრუნებისგან თავს ვიკავებთ. თუ არა გვაქვს გარანტია, რომ ის უკეთეს გარემოში მოხვდება, ბავშვთა სახლში დატოვებას ვამჯობინებთ... მომავალში ჩვენი პროგრამა უფრო მრავლისმომცველი იქნება და მაგალითად, არც ნარკომანია და არც ალკოჰოლზე დამოკიდებულება დაბრკოლებად აღარ მოგვევლინება: მაგალითად, ბევრ ქვეყანაში, მშობლებს, რომლებსაც მავნე ჩვევების მიუხედავად, შვილების შინ დაბრუნება სურთ, მკურნალობის კურსს უტარებენ; ასეთი პრაქტიკის დანერგვას ჩვენშიც ვაპირებთ.

მაია ციბალაშვილი, "ბავშვთა სოფლის" ("კინდერდორფი") ფსიქოლოგი:
- მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან სოციალური სამსახურების მუშაობა რამდენიმე მიზეზით არის გართულებული: პირველი - მშობლებს პრობლემების აღიარება არ სურთ, ვინაიდან შვილების დაკარგვის ან პასუხისმგებლობის ეშინიათ; მეორე - ასეთ შემთხვევებში, თავად ბავშვებიც რთულ პირობებთან ადაპტირებას ახერხებენ - ანუ ეგუებიან იმ პირობებს, რომელშიც ცხოვრება უწევთ.

საერთოდ, შვილები მშობლების მიმართ მიმტევებლები არიან. მათ სჯერად, რომ დაშვებული შეცდომების მიუხედავად (მათი მხრიდან ხშირად, უმიზეზო აგრესია მოდის), მშობლებს მაინც შეუძლიათ სითბოსა და სიყვარულის გამოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხშირ შემთხვევაში, ყურადღება აკლიათ, პატარები მაინც მცდარ წარმოდგენას იქმნიან მშობლებზე და ცდილობენ, მათ მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილი. თითქმის არც ერთი ბავშვი არ უშვებს იმ აზრს, რომ დედას ან მამას ის არ უყვარს.

ხშირ შემთხვევაში, მათი საქციელის გამართლებას ცდილობენ. მშობლებისადმი ასეთი დამოკიდებულება მნიშვნელოვანია მოვლენების სწორად შეფასების ჩამოსაყალიბებლად. როდესაც დედა და უცხო ადამიანი ბავშვს ერთნაირად ექცევიან, მას ეს ძალიან ეუცხოება: მოზარდი ასეთ დამოკიდებულებას ბუნებრივად მხოლოდ მშობლისგან აღიქვამს...

როცა სოციალური სამსახურის ჩარევით ბავშვის გაშვილება ხდება, ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ბავშვი დედობილისა და მამობილის მიმართ უარყოფითად განეწყოს... ასე რომ, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, უმჯობესია, ბავშვი მშობელთან ერთად იყოს, თუმცა ამასთანავე საჭიროა, კონტროლი იყოს დაწესებული და თუ საჭირო გახდა, საქმეში ჩავერიოთ, ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც ბავშვის ოჯახში დატოვება შეუძლებელია, - სტრესული სიტუაციები, მკაცრი მოპყრობა და უყურადღებობა მის ფსიქიკას ამახინჯებს...


ლალი პაპასკირი
ჟურნალი ”გზა”


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/17960-mzrunvelobas-moklebuli-bavshvebis-damakhinjebuli-fsiqika-da-samad-gayofili-samyaro.html#ixzz1PpYL0W00

No comments:

Post a Comment