Monday, June 20, 2011

მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დამახინჯებული ფსიქიკა და სამად გაყოფილი სამყარო



.მას სამყარო 3 ნაწილად აქვს გაყოფილი: პირველია სახლი, სადაც მასავით მიუსაფარი უამრავი ბავშვი ცხოვრობს; მეორე - ადგილი, სადაც დედ-მამა, ხშირ შემთხვევაში კი მხოლოდ დედა ან მამა მუდმივად "რაღაცით" გაბრუებულები, გაბრაზებულები და აგრესიულები არიან და, მესამე - ქუჩა, სადაც ყველაფერს აკეთებს, რაც მოესურვება, - იპარავს, თამბაქოს ეწევა, ზოგჯერ ჩხუბობს ან ეჩხუბებიან.

ამ ორომტრიალში ერთადერთი ნათელი წერტილი არსებობს - მაღაზიის გამყიდველი, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ზოგჯერ გაყინულ და მშიერ ბავშვს იფარებს და წიგნის კითხვასაც ასწავლის... წერა-კითხვის სწავლა გულზე დიდად არ ეხატება, მაგრამ იქ თბილა და ნანა მასწავლებელი ზოგჯერ, როცა მაღაზიის მეპატრონე არ არის, ცხელ ჩაისაც ასმევს...

9 წლის ნიკას მისი ასაკისთვის საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება დაუგროვდა. გარკვეული ხანი ბავშვთა სახლშიც ცხოვრობდა და საკუთარშიც. სად სჯობია?.. - იქ, თანატოლებთან. იმიტომ, რომ არ სცემენ, არც საჭმელს აყვედრიან და არც ქუჩაში სამათხოვროდ უშვებენ. არც დღის ბოლოს უწევს "აჩოტის" ჩაბარება მშობლისთვის - რაც მთელი დღის ნამათხოვრალი ხურდა ფულის მისთვის ჩაბარებას ნიშნავს... ცუდი ის არის, რომ ნიკა ერთადერთი არ არის, ვინც ასე ცხოვრობს, მის ბედს ათასობით თანატოლი იზიარებს.

ოფიციალური მონაცემებით, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა რაოდენობა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. ბავშვთა სახლებს 6000-მდე არასრულწლოვანი ბინადარი ჰყავს. ეს, მხოლოდ აღრიცხული უდედმამო ბავშვების რაოდენობის მაჩვენებელია; რეალურად, მშობლის ზრუნვასა და სიყვარულს მოკლებული პატარების რაოდენობა გაცილებით მეტია და მათი უმეტესობა ქუჩაში იზრდება... ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ბავშვთა სახლებში შვილების მიბარების მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. ამის მიზეზი, პირველ რიგში, მატერიალურად არასტაბილური ოჯახებია.

მშობლებს, რომლებსაც შემოსავლის წყარო არა აქვთ, შვილები უდედმამო ბავშვთა სახლებში იმ იმედით მიჰყავთ, რომ იქ პატარას მშიერს არ დატოვებენ და მათზე სახელმწიფო იზრუნებს. თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როცა ქუჩაში მცხოვრებ მაწანწალა ბავშვებს ნარკოტიკებსა ან ალკოჰოლზე დამოკიდებული მშობლები ჰყავთ, რომლებიც შვილებს ქუჩაში ფულის შეგროვებას აიძულებენ...


აი, რას გვიამბობს ჩვენი მოზარდი რესპონდენტი:
- არ ვიცი, დილით რომელ საათზე ვიღვიძებ. დედა მეუბნება, რომ სამუშაოზე მიმავალ ადამიანებს უნდა დავხვდე და ფული გამოვართვა... მცივა, როგორ არა, მაგრამ რომ არ წავიდე, მცემენ. სხვადასხვა ადგილას დავდივარ, ზოგან ფეხით, ხან ყვითელ ავტობუსში ავიპარები... დღის ბოლოს 10-15 ლარამდე ვაგროვებ, მაგრამ ხანდახან არ მიმართლებს და 5-7 ლარი გამომდის.

ამ დროს დედა ძალიან ბრაზობს. არ სჯერა, რომ მეტი ვერ ვიშოვე, ასე ჰგონია, ვატყუებ და ფულს "ვუტეხავ"... ერთხელ დანით, მოსაკლავადაც გამოიწია, მაგრამ გავიქეცი. მთვრალი იყო... მაღაზიაში ნანასთან ხშირად მივდივარ, თითქმის ყოველდღე. შორიდან შევიჭყიტები; თუ უფროსი იქ არ არის, - შევალ. ნანას უფროსს დიდად არ მოვწონვარ და ამიტომ ვფრთხილობ... ბავშვთა სახლში ყოფნა მირჩევნია, მაგრამ დედამ გადაწყვიტა, შინ დავებრუნებინე...

ნანა, პატარა ნიკას "მასწავლებელი და მეურვე":
- ძალიან გონიერი ბავშვია. ეტყობა, მძიმე ცხოვრების კვალი მასზე აისახა, რადგან ისეთ რაღაცებს ხვდება, რაც ნორმალურ გარემოში მყოფ ბევრ მოზარდს გაუჭირდებოდა... უცხოსთან თავშეკავებულია და არასდროს წუწუნებს. საერთოდ, რომ ვაკვირდები, დედას არასდროს განსჯის, პირიქით, მის გამართლებას ცდილობს. არადა, იმ ქალმა სახლში მეგობარი მამაკაცი მიიყვანა; სადღაც ერთად მუშაობენ და შინ მთვრალები ბრუნდებიან.

ბავშვის მონაყოლიდან ვიცი, რომ იმ კაცს ზოგჯერ სახლში უცხო მამაკაცები ან ქალები მოჰყავს და ამ ქალს სუფრის გაშლას აიძულებს. ხვდებით ალბათ, რა მძიმე გარემოში უწევს პატარას ცხოვრება და ხშირად, სამსახურში მოსულს კართან დამხვედრია... მუშაობას 9 საათზე ვიწყებ, ნიკა კი სხვა რაიონიდან დადის და საკმაოდ ადრე ადგომა უხდება... სკოლაში არ დადის, მაგრამ გარკვეული პერიოდი ბავშვთა სახლში ცხოვრობდა და წერა-კითხვა იქ ასწავლეს... ერთ დღეს მისი ტოლი გოგონა მომიყვანა, - ცოტა ხანს ვიქნებითო, - მთხოვა.

ქვის გული ხომ არა მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, უფროსი მყავს და პატარები დიდხანს ვერ გავაჩერე... არადა, გოგონა წებოს სუნთქავდა და ისეთ რაღაცებს მიყვებოდა ქუჩაში ცხოვრებაზე, ცოტა უკეთესი პირობები რომ მქონდეს, სახლში წამოვიყვანდი...
ცოტა ხნის წინ ქვეყანაში, ოჯახებში ბავშვთა დაბრუნების (დეინსტიტუციონალიზაციის) პროგრამა ამოქმედდა, რაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ ოჯახებს შვილების შენახვის შესაძლებლობას აძლევს. პატარების მშობლებს ყოველთვიურად, გარკვეული თანხით ეხმარებიან.

თამარ გოლუბიანი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვებზე ზრუნვის სამმართველოს უფროსი:
- "ბავშვთა დაბრუნება ოჯახებში" - სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული პროგრამაა. მიტოვებული ბავშვების დაახლოებით 96%-ს ერთი მშობელი მაინც ჰყავს. სახელმწიფომ გადაწყვიტა, ხელმოკლე ოჯახებს შვილები დაუბრუნოს, თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება. ოჯახებს ვეხმარებით, როგორც მატერიალურად, ასევე ვცდილობთ, სხვანაირადაც ამოვუდგეთ მხარში.

სამწუხაროდ, უამრავი ოჯახია, სადაც მშობლები მუშაობენ და ამის გამო, მათი შვილები მთელი დღის განმავლობაში უყურადღებოდ იყვნენ მიტოვებულნი. ამიტომაც ჩვენ შევქმენით დღის ცენტრები, სადაც ბავშვები მთელი დღის განმავლობაში დარჩებიან, მიიღებენ სრულფასოვან კვებას და აღზრდისათვის ნორმალურ პირობებში იქნებიან.

ასევე გათვალისწინებული გვაქვს ყოველთვიური ფულადი დახმარებაც. არის შემთხვევები, როცა ოჯახს მატერიალური პრობლემებიც აქვს, სახლი გადასახურია, ან ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არა აქვთ, თუნდაც საწოლი; მათ შეძლებისდაგვარად, მატერიალურადაც ვეხმარებით.

- ეს ოჯახები თქვენი უწყების კონტროლის ქვეშ არიან აყვანილი?
- დიახ. ამ პროცესში სოციალური მუშაკები მონაწილეობენ. ისინი დროთა განმავლობაში შექმნილ სოციალურ პირობებს აფასებენ, შემდეგ, წარმოადგენენ დასკვნას, რომელსაც საბჭო განიხილავს, და მის საფუძველზეც ოჯახების შერჩევა ხდება. თავიდან ასეთ დაწესებულებებში 5200 ბავშვი იმყოფებოდა. როდესაც ეს პროგრამა დაიწყო, თანდათან 600-ზე მეტი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა, 3600-მდე მოზარდი კი ისევ ამ დაწესებულებებში რჩება, ვინაიდან მათი უმეტესობა გონებრივად ჩამორჩენილი ან ფიზიკური ნაკლის მქონეა და სკოლა-ინტერნატში დადის. შემდგომ, კიდევ 1500-მდე მოზარდი დაუბრუნდა თავის ბიოლოგიურ ოჯახს, ნაწილი კი - გავაშვილეთ. ეს მოზარდებზე ზრუნვის პროგრამაში შედის: მიმღები ოჯახი, დედობილი და მამობილი, სპეციალური მომზადების შემდეგ, ხელშეკრულების საფუძველზე, ბავშვზე მზრუნველობას კისრულობენ, რის შემდეგაც მათ ბავშვს ვანდობთ. ამგვარად, 300 ბავშვი გავაშვილეთ.

- რაც შეეხება გაშვილებას...
- დაწესებულებაში მოხვედრილი ყველა ბავშვი დირექტორის პასუხისმგებლობის ქვეშ იმყოფება, მაგრამ როცა ის დედობილისა და მამობილის მზურნველობის ქვეშ ხვდება, ჩვენ ვალდებული ვართ, მისთვის მშვიდი და სტაბილური გარემო უზრუნველვყოთ. ბავშვი იმაზე უკეთეს პირობებში უნდა მოხვდეს, ვიდრე ბავშვთა სახლში იყო და არა - პირიქით... ამაზე სოციალური მუშაკები ზრუნავენ ანუ სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ.

- ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების შემთხვევაშიც იგივე ხდება?
- არა, ბიოლოგიურ ოჯახებს მონიტორინგი ნაკლებად სჭირდებათ... ბავშვთა სახლში ყოფნა ყველაზე მძიმე ხვედრია მოზარდისთვის. ოჯახი, რომელიც არ არის სტაბილური (სადაც არ არიან განათლებული მშობლები, იდეალური ადამიანები, არასტაბილური შემოსავალი აქვთ), მაინც უკეთესია, ვიდრე ბავშვთა სახლი, თუნდაც საუკეთესო პირობებით. ამას გამოკვლევებიც ადასტურებს: საუკეთესო ბავშვთა სახლსა და სტანდარტულზე უფრო დაბალი დონის ოჯახებში ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც ცხადყო, რომ ოჯახში გაზრდილ ბავშვს უფრო მყარი ფსიქოლოგია, კარგი განათლება და დამოუკიდებლობის სულისკვეთება აქვს, ვიდრე ბავშვთა სახლში აღზრდილებს. ამიტომაც, მოვუწოდებთ იმ მოზარდების ნათესავებს, რომლებსაც ოჯახები არა აქვთ, როგორმე გაიჭირვონ და რამდენიმე დღით, თვეში ერთხელ ან თვეგამოშვებით მაინც წაიყვანონ თავიანთ სახლებში. პიროვნებად მათი ჩამოყალიბებისთვის ოჯახური გარემო აუცილებელია.

- ქალბატონო თამარ, გაშვილების მიზეზი მხოლოდ მატერიალური პრობლემა არ არის. იმ მშობლების 60%, ვისაც შვილები ბავშვთა სახლში მიჰყავს, ან ნარკომანია, ან ალკოჰოლზე დამოკიდებული. ასეთ ოჯახში ბავშვის დაბრუნება თუ ხდება?
- არა, ასეთი მშობლებისთვის ბავშვის დაბრუნებისგან თავს ვიკავებთ. თუ არა გვაქვს გარანტია, რომ ის უკეთეს გარემოში მოხვდება, ბავშვთა სახლში დატოვებას ვამჯობინებთ... მომავალში ჩვენი პროგრამა უფრო მრავლისმომცველი იქნება და მაგალითად, არც ნარკომანია და არც ალკოჰოლზე დამოკიდებულება დაბრკოლებად აღარ მოგვევლინება: მაგალითად, ბევრ ქვეყანაში, მშობლებს, რომლებსაც მავნე ჩვევების მიუხედავად, შვილების შინ დაბრუნება სურთ, მკურნალობის კურსს უტარებენ; ასეთი პრაქტიკის დანერგვას ჩვენშიც ვაპირებთ.

მაია ციბალაშვილი, "ბავშვთა სოფლის" ("კინდერდორფი") ფსიქოლოგი:
- მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან სოციალური სამსახურების მუშაობა რამდენიმე მიზეზით არის გართულებული: პირველი - მშობლებს პრობლემების აღიარება არ სურთ, ვინაიდან შვილების დაკარგვის ან პასუხისმგებლობის ეშინიათ; მეორე - ასეთ შემთხვევებში, თავად ბავშვებიც რთულ პირობებთან ადაპტირებას ახერხებენ - ანუ ეგუებიან იმ პირობებს, რომელშიც ცხოვრება უწევთ.

საერთოდ, შვილები მშობლების მიმართ მიმტევებლები არიან. მათ სჯერად, რომ დაშვებული შეცდომების მიუხედავად (მათი მხრიდან ხშირად, უმიზეზო აგრესია მოდის), მშობლებს მაინც შეუძლიათ სითბოსა და სიყვარულის გამოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხშირ შემთხვევაში, ყურადღება აკლიათ, პატარები მაინც მცდარ წარმოდგენას იქმნიან მშობლებზე და ცდილობენ, მათ მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილი. თითქმის არც ერთი ბავშვი არ უშვებს იმ აზრს, რომ დედას ან მამას ის არ უყვარს.

ხშირ შემთხვევაში, მათი საქციელის გამართლებას ცდილობენ. მშობლებისადმი ასეთი დამოკიდებულება მნიშვნელოვანია მოვლენების სწორად შეფასების ჩამოსაყალიბებლად. როდესაც დედა და უცხო ადამიანი ბავშვს ერთნაირად ექცევიან, მას ეს ძალიან ეუცხოება: მოზარდი ასეთ დამოკიდებულებას ბუნებრივად მხოლოდ მშობლისგან აღიქვამს...

როცა სოციალური სამსახურის ჩარევით ბავშვის გაშვილება ხდება, ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ბავშვი დედობილისა და მამობილის მიმართ უარყოფითად განეწყოს... ასე რომ, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, უმჯობესია, ბავშვი მშობელთან ერთად იყოს, თუმცა ამასთანავე საჭიროა, კონტროლი იყოს დაწესებული და თუ საჭირო გახდა, საქმეში ჩავერიოთ, ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც ბავშვის ოჯახში დატოვება შეუძლებელია, - სტრესული სიტუაციები, მკაცრი მოპყრობა და უყურადღებობა მის ფსიქიკას ამახინჯებს...


ლალი პაპასკირი
ჟურნალი ”გზა”


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/17960-mzrunvelobas-moklebuli-bavshvebis-damakhinjebuli-fsiqika-da-samad-gayofili-samyaro.html#ixzz1PpYL0W00

Thursday, June 16, 2011

რა ხდება სინამდვილეში ? შეიცვალა კი რამეე?

სტატია წამოღებულია საიტიდან!
მრავალი წელია, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების აღზრდისთვის ბავშვთა სახლები აღარ ითვლება საუკეთესო გარემოდ. განვითარებულ ქვეყნებში აღსაზრდელები მეტწილად მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში ან მიმღებ ოჯახებში ცხოვრობენ, სადაც მშობლიური ოჯახის მსგავსი გარემო ექმნებათ. გაეროს ბავშვთა ფონდ იუნისეფის (UNICEF) წარმომადგენლის, აარონ გრინბერგის აზრით, ბავშვთა სახლებში აღსაზრდელთა რაოდენობის შემცირება საქართველოსთვისაც პრიორიტეტი უნდა იყოს. დიდი დაწესებულებები „მოზარდებს ვერ მისცემენ იმ სიყვარულს, რომელსაც ოჯახისგან მიიღებენ,” - მიაჩნია ამერიკელ სპეციალისტს.
ხუთი წელია, რაც საქართველოში ბავშვთა სახლების თანამედროვე ალტერნატივები ინერგება. დეინსტიტუციონალიზაციის შედეგად ბავშვთა სახლების აღსაზრდელთა რაოდენობა უკვე 3-4-ჯერ შემცირდა. 28 დაწესებულებაში ამჟამად 1300-მდე მოზარდი იმყოფება. რაოდენობის მკვეთრი კლების მიუხედავად, აღსაზრდელების დიდი ნაწილი ჯერაც მძიმე პირობებშია. საქართველოს სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, ბავშვებს ისეთ გარემოში უწევთ ცხოვრება, სადაც გათბობის სისტემა მოუწესრიგებელია, ირღვევა სანიტარიულჰიგიენური ნორმები, უხარისხოა კვება და არ აქვთ საკმარისი ტანსაცმელი.
ქართულ ბავშვთა სახლებში მწვავე პრობლემებია იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მათი დაფინანსებისა და მომარაგების ერთადერთი წყარო არ არის. ადგილობრივი კომპანიებისა და ენთუზიასტთა ჯგუფების გარდა, მოზარდებს იუნესეფისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, იუესეიდის (USAID) მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან. მხარდაჭერას ბავშვთა სახლები უშუალოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაც იღებენ, ტრენინგებისა და ჰუმანიტარული დახმარების სახით.
მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია ფირაშვილის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ „პირველადი საჭიროებებისა და მოთხოვნილებების” დაკმაყოფილებისთვის არის საკმარისი. თუმცა, სახალხო დამცველის ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ, ისიც ძნელი სათქმელია, რა შეიძლება ვიგულისხმოთ „პირველად საჭიროებებში”, ან სიტყვა „საკმარისი” როგორ უნდა გავიგოთ. კიდევ უფრო ზოგადია სააგენტოს დირექტორის, თამარ მახარაშვილის კომენტარი. „ვიდრე ამ სფეროში ჩავიხედავდი, მეგონა, რომ სახელმწიფო მცირე თანხას გამოყოფდა, მაგრამ ნამდვილად სოლიდური თანხა იხარჯება,” - აცხადებს მახარაშვილი. „სოლიდური თანხა”, მისი ინფორმაციით, ათ მილიონ ლარს შეადგენს. შესაძლოა, ასეთი დაფინანსება მართლაც საკმარისია ბავშვთა სახლების სრულფასოვანი მომარაგებისთვის, მაგრამ ფული არასწორად იხარჯება. სხვა შემთხვევაში, უნდა ვიკითხოთ, რაში გვარგია თანხის აბსტრაქტული „სოლიდურობა”, თუ არც ხარისხიან კვებას ყოფნის და არც ტანსაცმელს.
ფირაშვილი უარს ამბობს იმ თანხის დასახელებაზე, რომელსაც სააგენტო არასაბიუჯეტო წყაროებიდან - დონორებისა და ქველმოქმედებისგან იღებს. მისი თქმით, ეს მონაცემები არასაჯაროა. იურისტი ნუგზარ კუპრეიშვილი განმარტავს, რომ სააგენტოს აქვს უფლება, დამალოს სპონსორების ვინაობა, თუ ამას თავად სპონსორები ითხოვენ, მაგრამ შემოსული თანხების ოდენობა საჯარო ინფორმაციაა. თუ საქმე არამიზნობრივ ხარჯვაში არ არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ სააგენტოს თანამშრომლებს უხერხულობას უქმნის სახელმწიფო და გარე დაფინანსებების თანაფარდობა, ან, უბრალოდ, კანონებს არ იცნობენ.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა სახლების მენიუებში ჭარბობს ნახშირწყლები, ხოლო ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები არასაკმარისია. სწორი რაციონის შესადგენად აუცილებელია ექიმის თანამონაწილეობა, თუმცა, ზოგიერთ დაწესებულებაში, მათ შორის, სურამსა და ტაშისკარში, მენიუს შედგენაში მხოლოდ ადმინისტრაცია და მზარეული მონაწილეობენ. სურამში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ხუთი დღის განმავლობაში ერთი და იგივე კერძები ხვდებოდათ.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოეული აღსაზრდელის კვებაზე დღეში 3-4 ლარი იხარჯება. თანხა რეგიონისა და სეზონის მიხედვით ვარირებს. მახარაშვილი ამბობს, რომ მათ ფილიალებში მენიუ მრავალფეროვანია - „ყოველდღიურად იღებენ ხორცს, თევზს ან ბოსტნეულისგან მომზადებულ სადილს”. მისივე თქმით, ყოველ საღამოს პირადად ამტკიცებს მეორე დღის მენიუს. გამოდის, რომ ან სახალხო დამცველი იძლევა არასწორ ინფორმაციას, ან სააგენტოს დირექტორს ფილიალების ხელმძღვანელები ატყუებენ. მახარაშვილი კონტროლის „კიდევ უფრო გამკაცრებას” გვპირდება.
ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსის, გიორგი კაკაჩიას თქმით, მენიუ ყველა სახლში ინდივიდუალურია, თუმცა, სტანდარტები საბჭოთა დროიდან არ შეცვლილა. ახალი კალორაჟი სამ თვეში შემუშავდება. ის დიფერენცირებული იქნება ასაკობრივი ჯგუფებისა და დაავადების მქონე აღსაზრდელებისთვის. მახარაშვილის აზრით, კალორაჟის განსაზღვრულობა თანხის განაწილებასაც გააადვილებს.
ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონებში გასათბობად ძირითადად შეშის ღუმელებს იყენებენ. როგორც წესი, არ თბება ბიბლიოთეკა, რაც „ეჭვქვეშ აყენებს მისი ფუნქციონირების საკითხს”. ხშირად ჩაკეტილი და გაუთბობელია გასართობი და წრეობრივი მუშაობის ოთახები. ხელმძღვანელების განმარტებით, ეს ოთახები კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ სჭირდებათ და გათბობასაც მაშინ რთავენ. სურამის, დუშეთის, ლაგოდეხის, წალენჯიხისა და ტაშისკარის დაწესებულებების ხელმძღვანელები ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით იყენებენ დაბალი სიმძლავრის ნათურებს, რომელიც ვერ იძლევა სრულფასოვან განათებას. ზოგიერთ დაწესებულებაში ელექტროგაყვანილობა არ არის იზოლირებული, რაც ბავშვებს დამატებით საფრთხეს უქმნის.
სააგენტოს დირექტორის, თამარ მახარაშვილის თქმით, თითოეული დაწესებულების კომუნალური გადასახადი 2,500-3,000 ლარს აღწევს. მისივე თქმით, დაწესებულებებში გაზის ცენტრალურ გამათბობლებს იყენებენ, ზოგიერთი სახლის გასათბობად კი „დენსაც ახმარენ”. მახარაშვილი ამბობს, რომ თანხის დაზოგვის თაობაზე ბრძანება მისგან არც ერთი ფილიალის ხელმძღვანელს არ მიუღია.
„პირადი მოხმარების პირსახოცები ყველგან საკმარისი რაოდენობითაა, თუმცა საცვლები და ტანსაცმელი საერთოა ბავშვთა მთელი ასაკობრივი ჯგუფისთვის (წყნეთი, „სათნოება”)”, - ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში. ამას სააგენტოს ხელმძღვანელი ირონიული კომენტარით პასუხობს: „მაინტერესებს, ომბუდსმენი სად ჩაუსაფრდა და სად ნახა, რომ საცვალი ერთმა ბავშვმა გაიხადა და მეორემ ჩაიცვა”.
ანგარიშის მიხედვით, ტაშისკარის სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებს არ აქვთ ფეხსაცმელი, რის გამოც ისინი ვერ დადიან სკოლებში. მახარაშვილის თქმით კი, შესაძლოა, ზოგიერთ დაწესებულებაში, ქველმოქმედთა წყალობით, ტანისამოსი ან სხვა ნივთი ბავშვებს მეტი ჰქონდეთ, მაგრამ გამორიცხულია საერთოდ არ ჰქონდეთ. „ჩვენი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან იღებენ ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ,” - დასძენს იგი.
შეფასებები არც სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კუთხით არის პოზიტიური. მრავალი დაწესებულების კვების ბლოკში არ არის დაცული სისუფთავე. ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების სამზარეულოში პრევენციულმა ჯგუფმა მღრღნელების არსებობის კვალი აღმოაჩინა. „თბილისის სააღმზრდელო დაწესებულებაში არ იდო საპონი იმ მოტივით, რომ „მაინც მოიპარავენო,” - ნათქვამია ანგარიშში. თამარ მახარაშვილი ამ ფაქტსაც ხალისიან კომენტარს უკეთებს და საპნის კარგი ხარისხით ხსნის - „ეტყობა, სურნელოვანი საპონი დევს და ამიტომაც იპარავენ”.
სანიტარიული ნორმების არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას მახარაშვილი წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებსაც უკავშირებს. მისი თქმით, სულ რამდენიმე თვის შექმნილი სააგენტო პრობლემების ძირეულად აღმოფხვრას ვერ მოასწრებდა. მისივე თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ძველ შენობებში - „თუ დაწესებულება წლების მანძილზე სარემონტოა, როგორც არ უნდა შეეცადო, ის სუფთად შეინახო, ბუნებრივია, პრობლემები მაინც იქნება”.
უკვე რამდენიმე წელია, მესტიის ბავშვთა სახლს არც ერთი არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციისგან დახმარება არ მიუღია. მახარაშვილის თქმით, ბავშვთა სახლების დამხმარეთათვის ობიექტის არჩევისას მნიშვნელოვანი ფაქტორია არა ბავშვთა სახლების მდგომარეობა, არამედ ობიექტის დედაქალაქთან სიახლოვე. ამის გამო რესურსები ბავშვთა სახლებში არათანაბრად ნაწილდება. „როდესაც ვინმე გადაწყვეტს ქველმოქმედებას, სასურველია სააგენტოს მიმართოს და მათგან მიიღოს ინფორმაცია,” - ამბობს სააგენტოს დირექტორი.
სააგენტოს ხელმძღვანელობისა და სახალხო დამცველის შეფასებები პერსონალის კვალიფიკაციის საკითხში ერთმანეთს ემთხვევა. ორივე უწყებაში კადრების ნაკლებობასა და არაკვალიფიციურობაზე ამახვილებენ ყურადღებას. კადრების მოუმზადებლობაზე აღსაზრდელებთან მოპყრობის არაჰუმანური ფორმები მეტყველებს. საქართველოში ბავშვების მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის მიხედვით, აღსაზრდელების 71% ფიზიკური, 62% კი მორალური შეურაცხყოფის ფაქტებზე მიუთითებს. დასჯის მეთოდებად გამოიყენება იზოლაცია, იძულებითი შრომა, საკვებზე უარის თქმა და საპირფარეშოთი სარგებლობის აკრძალვა. სააგენტოს დაკვეთით, იანვარში ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარა კადრების მონიტორინგი, რომელმაც, მახარაშვილის თქმით, „სავალალო შედეგი” აჩვენა. მისივე თქმით, 1084 კადრიდან ასი დისკვალიფიკაციას დაექვემდებარება, დანარჩენები კი ერთწლიან ტრენინგს გაივლიან. გადამზადებიდან ერთი წლის შემდეგ მათ კვლავ შეაფასებენ და გაკეთდება დასკვნა, არის თუ არა მზად კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად ესა თუ ის თანამშრომელი.
იუნისეფში კონტროლის გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობენ. „მონიტორინგი ძალიან მკაცრად და ინტენსიურად უნდა ჩატარდეს. ამ ბავშვებს სწორედ დღეს სჭირდებათ ყველაფერი. უნდა გაუმჯობესდეს საკვები და მათი საცხოვრებელი გარემო,” - ამბობს გრინბერგი. კონტროლს მიმღები ოჯახებიც უნდა დაექვემდებაროს. ამისთვის იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის აზრით, აუცილებელია სოციალური მუშაკის ინსტიტუტის დანერგვა. სოციალური მუშაკი არის ადამიანი, რომელსაც აქვს მჭიდრო კავშირი პრობლემის მქონე ადამიანსა და მის საცხოვრებელ გარემოსთან. მას ევალება შეაფასოს მიმღები ოჯახისა და ბავშვის საჭიროებები, რესურსები და ხელი შეუწყოს პრობლემების მოგვარებას. სულ რამდენიმე წელია, რაც საქართველოში სოციალური მუშაკების აღზრდა დაიწყო, სისტემაში მათი დამკვიდრება კი ახლა მიმდინარეობს.
მიმღები ოჯახის როლი უცხოეთში განიხილება, როგორც სამუშაო სტაჟი, რადგან ეს ადამიანები სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ. საქართველოში თითოეულ ოჯახს, რომელიც ბავშვთა სახლის აღსაზრდელს შვილობილად აიყვანს, სახელმწიფო ყოველთვიურად 200 ლარით ეხმარება, ხოლო იმ ოჯახს, რომლის შვილობილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია - 300 ლარით.
მახარაშვილი დარწმუნებულია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული პრობლემები 2011 წლისთვის სრულად აღმოიფხვრება. ოპტიმიზმის საფუძველს მას აძლევს შვიდი დიდი დაწესებულება, რომელიც იუესეიდის დაფინანსებით გარდაიქმნება. ეს ბავშვთა სახლები დეინსტიტუციონალიზაციას არ დაექვემდებარება. თითოეული შენობის გარემონტებისა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვისთვის 500,000 აშშ დოლარია გათვალისწინებული.

Monday, June 13, 2011

ბავშვები .........................



საქართველოში მიუსაფარ ბავშვთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა. ყოველწლიურად ბავშვთა სახლებში ბავშვთა ჩაბარების შემთხვევების რაოდენობა როგორც წესი ბავშვთა სახლებიდან გაშვებულთა რაოდენობას აღემატება.ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური პროგრამების 2009 წლის მონაცემებით, საქართველოს ბავშვთა სახლებიდან 70-მდე პატარა გააშვილეს, 90-მდე კი პირიქით, ბავშვთა სახლში ჩააბარეს.

წყნეთის ბავშვთა სახლის უფროსის მირანდა მუმლაძის თქმით, ყველაზე მეტი ბენეფიციარი 2009 წელს ჰყავდათ. არის შემთხვევები, როდესაც მათთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მზურნველობა მოკლებული ბავშვები მიჰყავთ, თუმცა ძირითადად, მაინც სოციალურად დაუცველი ფენები მიმართავენ.

წყნეთის ბავშვთა სახლი 110 ბენეფიციარზეა გათვლილი. ახლა აქ 106 აღსაზრდელია. მაჩვენებელი თითქმის ყოველთვიურად იცვლება, თუმცა, მირანდა მუმლაძის თქმით, 100-ზე ქვევით არ ჩამოსულა.

ბავშვები ექვს კოტეჯში ცხოვრობენ. კოტეჯებში სხვადასხვა ოთახები და პატარა საწოლებით სავსე საძინებლებია. ბავშვებს ცალკე აქვთ სამზარეულო, ოთახი, სადაც სწავლობენ; ასევე ცალკე უდგათ ტელევიზორი. თითო კოტეჯში 15-დან 20-მდე აღსაზრდელია. “სახლში წავედი” _ ამბობენ ისინი, როდესაც მეცადინეობას ან თამაშს მორჩებიან ხოლმე.

სტუმრები განსაკუთრებულად უყვართ. მაშინვე ფეხზე წამოცვივდებიან, შემოგეხვევიან და ერთხმად გესალმებიან. მზად არიან, ლექსი წაგიკითხონ ან გიცეკვონ და აუცილებლად გითხრან საკუთარი სახელი.

დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმა, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის, გულისხმობს ბავშვთა სახლების მიმსგავსებას ოჯახური ტიპის გარემოსთან. წყნეთის ბავშთა სახლი კი, კოტეჯური სისტემით, ამ გარემოს ჰგავს. იდეალურ პირობებამდე ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ სოციალურად გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს აქ უვლიან, აცმევენ, ასწავლიან.

ყველა ბავშვი ერთმანეთისგან განსხვავდება. ასევე განსხვავდება მათი სურვილებიც..

ზოგს პოლიციელობა უნდა, ზოგს პირამიდების ნახვა დაუსახავს მიზნად…

“მინდა ეგვიპტეში წავიდე.”

“ბალერინა მინდა გავხდე.”

“მე – მხატვარი.”

“მე – ჟურნალისტი.”

“მე მინდა, პოლიციელი გამოვიდე, პოლიციელი წესრიგს იცავს.”

“მე ჯარისკაცობა მინდა – ომში წავალ, ვიჩხუბებ.”

ჯერჯერობით თითქოს ყველა¬ფერი კარგადაა. ასე გაგრძელდება 18 წლამდე. შემდეგ ამ ბავშვების უმრავლესობის ბედი გაურკვეველი ხდება. სახელმწიფო სხვა სპეციალურ პროგრამებს ვერ ანხორციელებს. ვისაც სახლი აქვს, იქ დაბრუნდება და თავის დამკვიდრებას შეეცდება, ვისაც არა – მათი ბედი გაურკვეველია. რა იქნება, ხუთი ან ათი წლის შემდეგ, ბავშვები ახლა ამაზე ვერ ფიქრობენ. ისინი ჩვეულებრივი ბავშვები არიან….
სტატიის დედანი იხილეთ აქ.

ბავშვთა სახლების მონიტორინგის შედეგები



05 05 2006
სახალხო დამცველთან არსებული პაციენტთა უფლებების ცენტრის წარმომადგენლებმა 30 აპრილს ბათუმის ჩვილ ბავშვთა სახლი _ „სავანე“ და ბათუმის ბავშვთა სახლი მოინახულეს.
„სავანეში“ ამჟამად 6 წლამდე ასაკის 73 ბავშვია მოთავსებული. მონიტორინგის შედეგების მიხედვით მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გაურკვეველია გათბობის სამომავლო პერსპექტივა, არ არის საკმარისი დაფინანსება, რაც საფენებისა და ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების სიმწირეს იწვევს. არც სათამაშოები და ჭოჭინები ყოფნით.
როგორც ჩვილ ბავშვთა სახლის დირექტორმა განაცხადა, „სავანე“ დღემდე შპს-დ არის რეგისტრირებული და შესაბამისადაც იბეგრება (როგორც მომგებიანი ორგანიზაცია). დირექციას დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირება სურს, რასაც ბიუროკრატიული ბარიერები უშლის ხელს.
სახალხო დამცველთან არსებული პაციენტთა უფლებების ცენტრის წარმომადგენლებს ბათუმის ბავშვთა სახლში, სადაც 6 წლიდან და უფროსი ასაკის 75 ბავშვი იზრდება, გაცილებით მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები დახვდათ. შენობა გადაუდებელ რემონტს საჭიროებს. გაუმართავია წყალგაყვანილობის სისტემა, მოუწესრიგებელია საშხაპეები, ტუალეტები და პირსაბანები. საძინებელი ოთახები ყაზარმული ტიპისაა და ფაქტიურად არ თბება.
ბავშვთა სახლს გარდა ბიუჯეტისა, შემოსავლის სხვა წყაროებიც აქვს. წყალ-კანალიზაციის ხარჯები, სანჰიგიენური მომსახურებისა და ელექტრო-ენერგიის გადასახადები სპონსორების შემოწირულობებით იფარება. მაგრამ შენობის სავალალო მდგომარეობა თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ან ცუდი მენეჯმენტის ეჭვებს აღძრავს. ამასთან, დოკუმენტაციის თანახმად ბავშვთა სახლი 2003 წელს გარემონტდა, რეალურად კი ბოლო ორი წლის განმავლობაში, სპონსორთა დახმარებით, მხოლოდ კარ-ფანჯრები გამოიცვალა. და ამჟამად სასადილო და სამედიცინო კაბინეტი რემონტდება.
* * *აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიმდინარე 2006 წლის განმავლობაში ბათუმის ბავშვთა სახლის 8 აღსაზრდელი თავის ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა.
* * *სახალხო დამცველთან არსებული პაციენტთა უფლებების დაცვის ცენტრის საქმიანობა გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ბათუმის ბავშვთა სახლებში არსებული ვითარება 2006 წელს ....

14 02 2006.
ხუთშაბათს, 9 თებერვალს, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ბათუმის ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლი, ბათუმის 21-ე სკოლა პანსიონი, შპს „ბავშვთა სავანე“ და აჭარის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის მზუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლა-პანსიონი მოინახულეს.
* * *ბათუმის ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლში ამჟამად 75 ბავშვია. შენობა გასარემონტებელია, სველ წერტილებში მძიმე სანიტარული მდგომარეობაა, ცხელი წყალით მხოლოდ ერთი საშხაპეა უზრუნველყოფილი, სადაც -ბავშვების განცხადებით, ისინი ჯგუფურად ბანაობენ. საძინებლები არ თბება. მონიტორინგის პერიოდში 6 აღსაზრდელს მწვავე რესპირატორული დაავადება ქონდა და იზოლატორში იყვნენ მოთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლი ჩართულია დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამაში. გასულ წლებში სულ 11 ბავშვი გააშვილეს, მათ შორის რვა ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა.
* * *ბათუმის 21-ე სკოლა პანსიონში 282 ბავშვი სწავლობს, მათგან 171 ღამეს პანსიონში ათევს. ისინი ძირითადად ობოლი, მზრუნველობას მოკლებული, გაჭირვებული ან მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან.
შენობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სანიტარულ კვანძებში საოცარი ანტისანიტარიაა, არ მოქმედებს საშხაპე, არ არის ცხელი წყალი. ბავშვები მთელ დღეს საკლასო ოთახებში ატარებენ, არა აქვთ სათამაშო და დასასვენებლი ადგილი. დღის განმავლობაში ჩაკეტილია საძინებელი ოთახები.
დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამის ფარგლებში, 21-ე სკოლა - პანსიონიდან 9 ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა, ხოლო ერთი ბავშვი გააშვილეს.
* * *მახინჯაურის შპს „ბავშვთა სავანეში“ 6-წლამდე ასაკის 67 ბავშვი ცხოვრობს. შენობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ფუნქციონირებს ცენტრალური გათბობა, მოდის ცხელი წყალი, სანიტარული ნორმები დაცულია. თუმცა არა აქვთ იზოლაციის ოთახი, რომელიც დირექტორის ბრძანებით გააუქმეს.
აღსანიშნავია, რომ „ბავშვთა სავანეში“ ერთად იზრდებიან ჯანმრთელი და უნარშეზღუდული ბავშვები, რაც კარგად აისახება მათ ზრდასა და განვითარებაზე და ხელს უწყობს უნარშეზღუდული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას. ამასთან, ასეთი სახის შერეული ურთიერთობები ჯანმრთელ ბავშვებში შემწყნარებლობის ჩამოყალიბებას უწყობ ხელს.
ბოლო წლებში 9 ბავშვი გააშვილეს, მოხდა 2 ბავშვის შვილობილობა და 45 ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა.
ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სამივე ბავშვთა სახლს სამედიცინო დახმარებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა უწევს, ხოლო ადგილზე „ბავშვთა სავანესა“ და ბათუმის ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლს ეხმარება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, ხოლო 21-ე სკოლა-პანსიონს სასწრაფო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მახინჯაურის სასწრაფო ემსახურება.
* * *მონიტორინგისას განსაკუთრებული ინტერესი აჭარის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის მზუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლა-პანსიონმა გამოიწვია. პანსიონის 4 სართულიანი შენობის ერთ ფლიგელში მოხუცთა თავშესაფარია მოთავსებული.
სკოლა-პანსიონში ყველა სოციალური ფენის 14 წლამდე ასაკის 100 ბავშვი იზრდება და მას ბათუმისა და სხალთის მიტროპოლიტი - დიმიტრი შიოლაშვილი მეურვეობს. სკოლა-პანსიონში საუკეთესო პირობებია.
არის სპორტდარბაზი, სასადილო, ბაღები, სწავლობენ შრომას, ხელსაქმეს, იღებენ სრულფასოვან განათლებას. მონაწილეობენ მოზარდთა შორის კალათბურთის ჩემპიონატში.
სკოლა-პანსიონს ერთი თავისებურება ახასიათებს - მეუფე დიმიტრი და ამ სახლის სხვა ხელმძღვანელები უკავშირდებიან მშობლებს, ვისაც ბავშვების მიტოვება სურთ, ან არ სურთ მათი გაჩენა, იღებენ პასუხიმგებლობას ბავშვის გაზრდაზე და აგრძელებენ მშობლებთან მუშაობას, რათა მათ დაუბრუნონ შვილები.
აღსანიშნავია, რომ ამ სახლში არ მიმდინარეობს ერთი რომელიმე სარწმუნოების პროპაგანდა, არიან ქრისტიანები და მუსლიმები. მეუფე დიმიტრის განცხადებით, ბავშვები იმ სარწმუნოებას მისდევენ, რომელიც უნდათ.
სახალხო დამცველი კმაყოფილია მატათა მოციქულის სახელობის სკოლა-პანსიონში არსებული მდგომარეობით. სოზარ სუბარს დეინსტიტუციონალიზმისკენ გარდამავალ პერიოდში სწორედ ასეთი სახის დაწესებულებებათა არსებობა მიაჩნია მიზანშეწონილად.

Monday, June 6, 2011

რატომ ეს თემა?




მე ვფიქრობ, რომ ეს თემა საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს ყოველი ჩვენგანისთვის.სამწუხაროდ, საქართველოში მიუსაფარი ბავშვების რიცხვი იზრდება, რომლებსაც ბავშვთა სახლის გარდა სხვა თავშესაფარი არ გააჩნიათ. ამიტომ, მიმაჩნია რომ ამ საქმეს სერიოზული მიდგომა სჭირდება.საინტერესოა,რამდენად უზრუნველყოფილია ეს დაწესებულებები,ხომ არ ირღვევა ბავშვთა უფლებები, რა აკლიათ მათ,რამდენად ზრუნავს მათზე სახელმწიფო და ა.შ როგორ შეიძლება მოგვარდეს ის პრობლემები რომლის წინაშეც ვდგავართ,რადგან ვფიქრობ, რომ საზოგადოებაც უნდა ღელავდეს ამ საკითხზე.მიმიდონარეობს(თუ კი, რამდენად წარმატებით) თუ არა დეინსტიტუციონალიზაცია, იგივე ბავშვთა სახლების მიმსგავსება ოჯახური ტიპის გარემოსთან.მზგავსი ტიპის კვლევაში ადრეც მიმიგია მონაწილეობა, (2007-2008 წლებში) იმ დროისათვის, რბილად რომ ვთქვათ “არასახარბიელო” ვითარება იყო ბავშვთა სახლებში.მაინტერესებს ვითარება რამდენად შეიცვალა, ამიტომ შევეცდები რეალური მასალის მიხედვით გავაკეთო დასკვნები. თანაც ჩემი მომავალი პროფესიისთვის ამგვარი კვლევა პირდაპირ მისწრებაა ..:)))=)))
ეს კი გეგმაა რომლის მიხედვითაც შევეცდები ჩემი ბლოგის წარმართვას .