Monday, June 13, 2011

ბავშვთა სახლების მონიტორინგის შედეგები



05 05 2006
სახალხო დამცველთან არსებული პაციენტთა უფლებების ცენტრის წარმომადგენლებმა 30 აპრილს ბათუმის ჩვილ ბავშვთა სახლი _ „სავანე“ და ბათუმის ბავშვთა სახლი მოინახულეს.
„სავანეში“ ამჟამად 6 წლამდე ასაკის 73 ბავშვია მოთავსებული. მონიტორინგის შედეგების მიხედვით მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გაურკვეველია გათბობის სამომავლო პერსპექტივა, არ არის საკმარისი დაფინანსება, რაც საფენებისა და ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების სიმწირეს იწვევს. არც სათამაშოები და ჭოჭინები ყოფნით.
როგორც ჩვილ ბავშვთა სახლის დირექტორმა განაცხადა, „სავანე“ დღემდე შპს-დ არის რეგისტრირებული და შესაბამისადაც იბეგრება (როგორც მომგებიანი ორგანიზაცია). დირექციას დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირება სურს, რასაც ბიუროკრატიული ბარიერები უშლის ხელს.
სახალხო დამცველთან არსებული პაციენტთა უფლებების ცენტრის წარმომადგენლებს ბათუმის ბავშვთა სახლში, სადაც 6 წლიდან და უფროსი ასაკის 75 ბავშვი იზრდება, გაცილებით მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები დახვდათ. შენობა გადაუდებელ რემონტს საჭიროებს. გაუმართავია წყალგაყვანილობის სისტემა, მოუწესრიგებელია საშხაპეები, ტუალეტები და პირსაბანები. საძინებელი ოთახები ყაზარმული ტიპისაა და ფაქტიურად არ თბება.
ბავშვთა სახლს გარდა ბიუჯეტისა, შემოსავლის სხვა წყაროებიც აქვს. წყალ-კანალიზაციის ხარჯები, სანჰიგიენური მომსახურებისა და ელექტრო-ენერგიის გადასახადები სპონსორების შემოწირულობებით იფარება. მაგრამ შენობის სავალალო მდგომარეობა თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ან ცუდი მენეჯმენტის ეჭვებს აღძრავს. ამასთან, დოკუმენტაციის თანახმად ბავშვთა სახლი 2003 წელს გარემონტდა, რეალურად კი ბოლო ორი წლის განმავლობაში, სპონსორთა დახმარებით, მხოლოდ კარ-ფანჯრები გამოიცვალა. და ამჟამად სასადილო და სამედიცინო კაბინეტი რემონტდება.
* * *აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიმდინარე 2006 წლის განმავლობაში ბათუმის ბავშვთა სახლის 8 აღსაზრდელი თავის ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა.
* * *სახალხო დამცველთან არსებული პაციენტთა უფლებების დაცვის ცენტრის საქმიანობა გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

No comments:

Post a Comment